31 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე მოისმინეს ხობის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების ანგარიში, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის დაზუსტებულმა გეგმამ, საშემოსავლო ნაწილში შეადგინა 10779,9 ათასი ლარი, ხოლო საგასავლო ნაწილში 12682,2 ათასი ლარი. 6 თვის შედეგებით შემოსულობების გეგმა შესრულებულია 50,6%-ით. საკრებულოს წევრების მიერ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების ანგარიში დამაკმაყოფილებლად იქნა შეფასებული.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2018–2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“, რომელიც მომზადდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მხარდაჭერით. წარმოდგენილი განკარგულების პროექტით გაწერილია კანონით გათვალისწინებული ის აუცილებელი ღონისძიებები, რომლებიც უნდა გატარდეს მუნიციპალიტეტის მხრიდან გენდერულ ჭრილში, გეგმით დადგენილ პერიოდში.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.