30 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 14767,9 ათასი ლარით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის თაობაზე“. საკრებულოში წარმოდგენილ იქნა სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი, სადაც განხილულია პედაგოგიური კოლექტივისა და მშობელთა კომიტეტის ინიციატივა სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭების შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით სახელდებასთან დაკავშირებული ინიციატივა, სამეურვეო საბჭოს ოქმი და საკრებულოს განკარგულება სამეურვეო საბჭოს მიერ წარედგინება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.
საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნის საფუძველზე, განკარგულების პროექტით „ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სტრუქტურული ერთეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის პირველი მაისის ბიბლიოთეკისთვის ნოე დაფნარელის სახელის მინიჭების შესახებ“ პირველი მაისის ბიბლიოთეკას მიენიჭა მწერლის, პოეტის, ჟურნალისტისა და დამსახურებული მასწავლებლის ნოე კობახიძის (დაფნარელის) სახელი.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის მერისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონება - ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბში არსებული წყალსადენი სისტემა, რომლის ნარჩენი ღირებულება 2019 წლის 1 იანვრისათვის შეადგენს 19628 ლარს, თხოვების ფორმით გადაეცა შპს „ხობის წყალმომარაგებას“.
,,სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში“ ხობის მუნიციპალიტეტში 2019 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 აპრილის N10 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განკარგულების პროექტით დასაფინანსებელ პროექტებს დაემატა ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საქირიოში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.