31 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საკრებულოს ყოფილი წევრების გრიგორი იობაძის და გოჩა სიჭინავას ხსოვნას. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
დადგენილების პროექტი „ხობისმუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გადიდდა შემოსულობები „გრანტებიდან“ (საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი და სოფლის მხარდაჭერის პროგრამა) 1413.0 ათასი ლარით და განისაზღვრა 22156,8 ათასი ლარით.
სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებაზე შპს ,,ბლექ სი პეტროლიუმისთვის“ თანხმობის მიცემის შესახებ“
ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შპს ,,ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ დაგეგმილია ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საორიენტაციო წარმადობით 3 მლნ ტონა წელიწადში. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე გათვალისწინებულია ნედლეულისა და სარეალიზაციო პროდუქციის მიღების, შენახვისა და გადაზიდვის ობიექტების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა, განთავსდება ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები, ქარხნის, ენერგომომარაგების და სხვა ობიექტები.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.