27 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა, სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის:
„ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტის თანახმად ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულობები განისაზღვრა- 247199 00 ლარით. გადასახდელები განისაზღვრა 36004500 ლარის ოდენობით.
დღევანდელ სხდომაზე განიხილეს განკარგულების პროექტები „ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული მინი სპორტული მოედნისთვის მიხეილ სიჭინავას სახელის მინიჭების შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების საჭოჭუოს, საქორქიოს, საღვამიჩაოს და საბაჟოს ქუჩების, შესახვევების და ჩიხების სახელდების შესახებ“ რომელთა სახელდება განხორციელდა შესაბამის სამთავრობო კომისიიდან მიღებული თანხმობის საფუძველზე.
განკარგულების პროექტით: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ“ დამტკიცდა საკრებულოს 2026 წლის სამუშაო გეგმა, საკრებულოს კომისიების წლიური გეგმისა და მერიის მიერ 2026 წელს მოსამზადებელი პროექტების გათვალისწინებით.
განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში ლევან გოთუას ქუჩის პირველი ჩიხისთვის რეზო თოდუას ქუჩის სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე“ საკრებულომ პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის ერთობლივი განცხადების საფუძველზე მიზანშეწონილად მიიჩნია სოფელ ჭიხუში ლევან გოთუას ქუჩის პირველი ჩიხისთვის მსახიობის, პედაგოგის, ხობის კულტურის სახლის მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელისა და ხობის საპატიო მოქალაქის, პირველი მაისის მკვიდრის რეზო თოდუას სახელის მინიჭება.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ძველი ხიბულის ქუჩებისა და ჩიხების სახელდების შესახებ“ რომლის თანახმადაც განხორციელდება ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული დაუმისამართებელი 17 ქუჩის და 20 ჩიხის არაბული ციფრებით სახელდება.