23 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს 2014 წლის პირველი სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა უძღვებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ კოლეგებს მიულოცა ახალი სამუშაო წლის დაწყება და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე პირველ საკითხად განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ქარდავამ წარმოადგინა, პროექტი საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მიღებული.
მეორე საკითხად მიღებულ იქნა განკარგულება „ხობის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ.“
მესამე საკითხად გამოტანილი განკარგულების პროექტით 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს საკრებულოსგან თანხმობა მიეცა.
სხდომაზე დამტკიცდა საკრებულოს 2014 წლის სამუშაო გეგმაც, ხოლო მეხუთე საკითხად განხილული განკარგულების პროექტით ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის შემადგენლობაში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლის თანახმად მ. რუხაძის ნაცვლად კომისიის წევრად შეყვანილ იქნა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი შ. სირაძე.
ამ საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომა დახურულად გამოაცხადა.