25 თებერვალს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია, საკრებულოსა და გამგეობის სხვა ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კერძოდ: „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N46 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მხარჯავი დაწესებულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის განხორციელებული გადანაწილებების შესაბამისად. სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, რომლის თანახმად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი ქალაქ ხობის ტერიტორიაზე განისაზღვრა 12.38 ლარის, სოფლებში - 3.71 ლარის, დასახლებათა შორის არეალებში - 3.1 ლარის, ხოლო დასახლებათა შორის არეალებში გამავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) - 6.19 ლარის ოდენობით, ხოლო დადგენილებით „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ქონების გადასახადის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 მარტის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 კვ.მ-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განისაზღვრა 0,36 ლარის ოდენობით. გამგეობის მიერ წარმოდგენილი წინადადების შესაბამისად მიღებულ იქნა განკარგულება ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე, რომლის დაწყების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 1 აპრილი. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ ლიკვიდაციის შემდგომ დგინდება უმწეოთა სასადილოში ბენეფიციარების შერჩევის წესი, განისაზღვრა სასადილოს ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი ორგანოები და ასევე კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მოხდება ბენეფიციართა რეგისტრაცია და განაწილება სასადილოში.
საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა დამტკიცებული „ხობის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის წლიური ანგარიშის დამტკიცების თაობაზე“ განკარგულების პროექტი. სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ საკრებულოს წევრებს წარუდგინა ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი მიზნობრივი პროგრამებით განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.