25 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტის 2016 წლის ფინანსური დოკუმენტი, ადგილობრივი ბიუჯეტი დამტკიცდა, რომელიც განისაზღვრა 6644,2 (ექვსი მილიონ ექვსას ორმოცდაოთხი ათას ორასი) ლარით. მომავალი წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად ხალხზე ორიენტირებულია და პრიორიტეტად განსაზღვრულია, როგორც სოციალური, ასევე ჯანდაცვის და ინფრასტრუქტურული პროექტები.
გამგეობაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად კერძოდ, გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის ლიკვიდაციისა და მისი გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურითვის ერთ-ერთ სტრუქტურულ დანაყოფად დაქვემდებარტების საფუძველზე განხორციელდა შესაბამისი ცვლილებები გამგეობის სამსახურების დებულებასა და საშტატო ნუსხაში. გამგეობის წინადადების საფუძველზე საკრებულომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზუბის მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ზუბის კულტურის სახლში სამლოცველო ფართის გამოყოფის შესახებ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული ამ და სხვა საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ ე. ჯობავამ შეაჯამა მიმდინარე წელი და ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც განხორციელებულ იქნა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ამასთან საკრებულოს წევრებს და დამსწრე საზოგადოებას მიულოცა დამდეგი ახალი წელი და შემდგომი წარმატებები უსურვა მათ. 2015 წლის საკრებულოს ბოლო სხდომა სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.