დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მცირე მეწარმეობის დასაწყებად და განსავითარებლად სამეგრელოს რეგიონში 70 დევნილს გრანტი გადასცა. მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ, შშმპ-ს ბესიკ ხუნწარიას, რომელმაც გრანტის საშუალებით, დაფნის გადამამუშავებელი საწარმო აამუშავა და 10 ადგილობრივი მცხოვრები დაასაქმა. დაფნის გადამუშავებისა და რეალიზაციის პარალელურად მან პროგრამის ფარგლებში მაღაზია და თონე გახსნა.
აღნიშნული საწარმო ადგილზე დაათვალიერეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
საგრანტო პროგრამა ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ერთობლივად ახორციელებენ. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით უკვე 475 დევნილი დაფინანსდა.