6 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტში გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა, ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაკომპლექტებული ჯგუფების წევრებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობა და პრეპარატები გადასცეს. მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული 38 ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის წევრებმა ტექნიკის და პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალური ტრენინგები გაიარეს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა შესაბამისი პრეპარატი და ტექნიკა, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ,,აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტისთვის 1243 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშა–ხელის შრომის ანაზღაურებისთვის 12300 ლარი და 5-ტონამდე საწვავი გამოიყო. ხოლო იმ ბენეფიციარებს, რომელთაც საკუთრებაში გააჩნიათ 1,5 ჰექტრიდან 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცათ.