4 ივნისს, ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებმა, რამაზან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს, სადღესასწაულო ლოცვა შავღელეს მეჩეთის წინამძღვარმა იმამმა, ზურაბ ტარიელაძემ აღავლინა.
რამაზან-ბაირამის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას ხობის მუნიციაპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, საკრებულოს წევრმა აკაკი ხურცილავამ და მერის წარმომადგენელმა შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში ხათუნა მანველიძემ მიულოცეს.
30 დღიანი მარხვის შემდეგ მუსლიმური სამყარო ისლამის 2 დიდი დღესასწაულიდან ერთ–ერთს, რამაზან-ბაირამს, მარხვის დასრულებას აღნიშნავს. მუსლიმთა რწმენით, სწორედ რამაზანის თვეში მოევლინა დედამიწას ყურანი. რამაზანის მარხვის დროს განთიადიდან მზის ჩასვლამდე მუსლიმები ყოველგვარ საჭმელსა და სასმელზე უარს ამბობენ. მარხვის დასრულების დღეს მუსლიმები ტრადიციულ ტკბილეულს ჰალვას ამზადებენ, წინაპრების საფლავებს მოინახულებენ და ნათესავებს სტუმრობენ.