ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ანტონ ვარდიამ სამუშაო შეხვედრა გამართეს თემაზე “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, ედიშერ ჯობავამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ქალაქ ბორჯომში გამართული შეხვედრის მთავარ თემაზე, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების პრევენციისა და მათი რისკის შემცირების მნიშვნელობაზე საქართველოში. პროექტი “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან დაცვას. ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებისთვის შერჩეულია 10 ყველაზე მოწყვლადი მუნიციპალიტეტი, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტი. შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის თანამდებობის პირები. აღინიშნა, რომ ხობის მუნიციპალიტეტში არაერთი ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში, თუმცა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით წყალმოვარდნები, წყალდიდობები შესაძლებელია მომავალშიც სხვა უბნებისთვის იყოს პრობლემატური. მნიშვნელოვანია მოქალაქეების ჩართულობა პროექტის მიმდინარეობისას რაც მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლო რისკებს.