მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მღვიმეების და გამოქვაბულების შესწავლის მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხობს ეწვია სპელეოლოგთა ჯგუფი ელგუჯა ჯამარიშვილის ხელმძღვანელობით. სპეციალისტებმა დაათვალიერეს ურთის მთის მასივი და კარსტული ტბა “პაპანწყვირე“. კვლევები დაზვერვით-სამეცნიერო ხასიათს ატარებდა. ე. ჯამარაშვილის აზრით, მთის მასივის შესწავლა საინტერესოა, როგორც სპელეოლოგიური ასევე არქეოლოგიური თვალსაზრისით, რადგან მოსალოდნელია ახალი უცნობი მიწისქვეშა ობიექტების აღმოჩენა. ასევე ხეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის უკანა ნაწილში დაფიქსირდა პირველყოფილი ადამიანების ცხოვრების კვალი. სამომავლოდ დაიგეგმა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.