12 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტში ტრადიციული საეკლესიო-სახალხო დღესასწაული „ცოტნეობა“ აღინიშნა. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ხალხური ყოფისა და რეწვის ნიმუშების, ნახატების, ხეზე კვეთის ნიმუშების და ფერწერული ტილოების გამოფენა, ასევე გაიმართა სპორტული ღონისძიებები ქართულ ჭიდაობაში, ლელობურთში, მკლავჭიდსა და ნარდში. სახალხო დღესასწაულზე მოწყობილ ფაცხებში, სტუმრებს შესაძლებლობა ქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ მეგრული კერძები და მონაწილეობა მიეღოთ მათ მომზადებაში. ცოტნეობის დღესასწაულს სტუმრობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). დღესასწაულზე მყოფებს წმინდა ცოტნე აღმსარებელის დღე მიულოცეს მაჟორიტარმა პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ. ღონისძიების დასასრულს გაიმართა თეატრალური კვარტეტის, გიორგი მეფისაშვილისა და ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების ერთობლივი კონცერტი და საპატიო ხობელების დაჯილდოება