ქ. ხობის N2 საჯარო სკოლაში ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ალექსანდრე კოდუა საზოგადოებრივი პროექტის ფარგლებში მაღალი კლასის მოსწავლეებს შეხვდა. პროკურორმა ლექცია ჩაატარა თემაზე „განრიდება და მედიაცია არასრულწლოვანებში“.
აღნიშნული პროგრამის მთავარი მიზანია არასრულწლოვანს მისცეს ერთი შანსი და ხელი შეუწყოს მის კანონმორჩილ პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამასთანავე, პროგრამა ემსახურება დაზარალებულების კმაყოფილების დონის გაზრდასა და არასრულწლოვანთა მხარდაჭერის ღონისძიებებში მათ ჩართვას.
განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ფარგლებში, დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე პროკურორს აქვს შესაძლებლობა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდოს არასრულწლოვანი, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, თუ ის აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მზად არის აანაზღაუროს ზიანი და ბოდიში მოუხადოს დაზარალებულს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ფოთის რაიონული პროკურატურა ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ეტაპობრივად განახორციელებს.