14 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მესამე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა N 66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მ. ლომაიამ გახსნა, რომელმაც ხობის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართვლობის არჩევნების შედეგები შეაჯამა, საზოგადოებას წარუდგინა ახლადარჩეული მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და სიტყვა გადასცა უხუცესს საკრებულოს წევრს. სხდომაზე საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობისა და თანამდებობის პირების არჩევის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილ იქნა დროებითი სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიები, რის შემდეგ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ედიშერ ჯობავა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ - მამუკა ქარდავა. საკრებულოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი, რომლის დამტკიცების შემდეგ ასევე ფარული კენჭისყრით არჩეულ იქნენ საკრებულოს კომისიი თავმჯდომარები, კერძოდ: სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - ნუგზარ შუშანია, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარედ - ტარიელ ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - გოჩა სიჭინავა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისის თავმჯდომარედ - შოთა სირაძე და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ - დოდო გაბუნია.
ახალი მოწვევის საკრებულო 36 წევრით დაკომპლექტდა, სადაც 21 მაჟორიტარულ, ხოლო 15 პროპორციული წესითაა არჩეული. აქედან 25 მანდატი კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 4 მანდატი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 1 მანდატი „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციას“ და 1 მანდატი „არასაპარლამენტო ოპოზიციას“ ერგო. საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეები, არასამთავრობო ორგანისაციების წარმომადგენლები და საზოგადოების წევრები.