2007 წლის 17 მაისს „შპს „ხობის მოამბეს“ დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N39 განკარგულების თანახმად დაფუძნდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ხობის მოამბე“, საზოგადოების შექმნის მიზანია: მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა - გაზეთების, ჟურნალების, ტელე-რადიო პროგრამების, ვიდეო და კინოდოკუმენტალისტიკის, ბიულეტენების, 500-ზე მეტი ტირაჟით დაბეჭდილი წიგნების და სხვა პერიოდული ან ერთჯერადი გამოცემების ბეჭდვა და გავრცელება, რომლებიც განკუთვნილია ინფორმაციის საჯარო გავრცელებისთვის.
საზოგადოება უფლებამოსილია დააარსოს რამდენიმე გაზეთის, ჟურნალის, გამომცემლობისა და აგრეთვე დამოუკიდებელი ტელემაუწყებლობის რედაქცია; შექმნას პოლიგრაფიული ბაზა და ტექნიკური აღჭურვილობა, შეიძინოს საკუთარი სტამბა და მისი საქმიანობისათვის საჭირო შენობა-ნაგებობები, მანქანა-მოწყობილობები, დაზგა-დანადგარები, სატრანპორტო საშუალებები და ტექნიკა, დამხმარე მასალები და სხვა; გააფორმოს ხელშეკრულებები სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, არასამთავრობო და სამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან და მოსახლეობასთან, მოიზიდოს ისინი თავის საქმიანობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა შესასრულებლად.
ამჟამად შპს ,,ხობის მოამბე“ გამოსცემს გაზეთ ,,ხობის მოამბეს.“ აღნიშნული გაზეთი სხვადასხვა დროს გამოდიოდა შემდეგი სახელწოდებით: ,,სოციალიზმის მშენებელი,“ ,,კომუნიზმის მშენებელი,“ ,,სამეგრელო,“ ,,ხობის მოამბე,“ ,,ახალი სამკუთხედი.“ სხვადასხვა დროს გაზეთს რედაქტორობდნენ: გრიგოლ ვაჩაძე, ნოე კუჭავა, თამარ გოგინავა, რაულ ჯახია, სერაპიონ ცხადაია, ნაირა ბუკია, გაიოზ (გოგი) ბუკია, მედეა კობახიძე და მერი ლაგვილავა. ამჟამად გაზეთ ,,ხობის მოამბეს“ რედაქტორია მანანა შულაია.
გაზეთ ,,ხობის მოამბეს“ პირველი ნომერი 1932 წელს გამოვიდა, რომელიც სენაკის სტამბაში დაიბეჭდა. მოგვიანებით ხობში დაარსდა სტამბა, რომელსაც მხოლოდ ერთი საბეჭდი მანქანა გააჩნდა. იმ დროისთვის გაზეთის ტირაჟი 1800 იყო და თითქმის ორი დღე იბეჭდებოდა.
,,ხობის მოამბე“ მუნიციპალიტეტში გამომავალი ერთადერთი ბეჭდვითი ორგანოა, რომელიც თორმეტ გვერდს მოიცავს და გამოდის თვეში ორჯერ. გაზეთის ტირაჟი შეადგენს 500 ცალს.