ხობის მუნიციპალიტეტი დასავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში, კოლხეთის დაბლობის ცენტრში,ზღვის დონიდან 25 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ამავე რეგიონში მოიაზრება საქართველოს უძველესი ურბანისტული ცენტრი ფაზისიც. აქ გადიოდა აღმოსავლეთიდან მომავალი ცნობილი აბრეშუმის გზა, აღმოსავლური და დასავლური კულტურების შერწყმის შედეგად საფუძველი ჩაეყარა კოლხური ცივილიზაციის განვითარებას.
ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდიდარია კოლხეთის დიდების დამადასტურებელი ისტორიული ძეგლებით, აქ მოპოვებული მასალები გამოფენილია თბილისის, ზუგდიდის, ფოთის, ხეთის მუზეუმებში. ყულევის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი კოლხური ნამოსახლარი მოწმობს აქ მოსახლე ადამიანების ცივილურ შესაძლებლობებს. ჩვენს ერამდე II-I ათასწლეულებში კოლხური სამოსახლოები ხელოვნურ მიწაყრილ ბორცვებზე იყო განლაგებული, კოლხურ ნამოსახლარზე ნაპოვნია სხვადასხვა ზომის თასები, ჭინჭილები. თიხის ჭურჭელში მოთავსებული ყურძნის წიპწები მიუთითებს მევენახეობის განვითარების შესახებ. სოფელ ჭალადიდში ასევე აღმოჩენილია IV საუკუნის ბერძნული ამფორები და სამკაულები, რომელიც დრო-ჟამმა ტორფის და თიხის ქვეშ დაძირა ( სულ აღნუსხულია სამასამდე მიწისქვეშა ძეგლი). ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაკუთრებით ბევრია ბრინჯაოს ხანის ძველკოლხური ნამოსახლარები. აქ წარმოებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს, კერძოდ კი კოლხეთის ისტორიის შესწავლის საქმეში. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ქვალონის „ნაოხვამუზე,’’ შემდეგ კი ჭალადიდში, თორსა-დღვაბასა და ყულევში წარმოებულმა გათხრების შედეგებმა მსოფლიოს არქეოლოგთა ყურადღება მიიპყრო და დღეს ამ ძეგლებზე მოპოვებული მასალების გათვალისწინების გარეშე ძველი ისტორიის და კულტურის სრულფასოვანი გააზრება შეუძლებელია. აქ მოპოვებული ცალკეული ექსპონატები სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო საარბრიუკენის, ბოხუმის, ვისბადენის და მოსკოვის თემატურ გამოფენებზე და საყოველთაო აღიარება ჰპოვა.
წყალუხვი მდინარე ხობი, რომელიც სათავეს იღებს კავკასიონიდან სოფელ ყულევთან უერთდება შავ ზღვას. გადმოცემის თანახმად მდინარე ხობს კავკასიონის მთებიდან ოქროს მინარევები ჩამოჰქონდა, რომელსაც კოლხები ცხვრის ტყავის საშუალებით მოიპოვებდნენ. უძველეს დროში მდინარე ხობი სანაოსნოდ გამოიყენებოდა და ანტიკურ ცივილიზაციასთან მაკავშირებელ ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა. ანტიკური ხანის ისტორიკოსები მასთან აიგივებენ მდინარე ქარიენტეს, ქარიატა ჰქვია დღესაც ბოლო სოფელს, რომელსაც გაივლის მდინარე ხობი. ისტორიული ფაქტები მოწმობენ, რომ მდინარე ხობის პირას მოუკლავთ ბიზანტიელებს კოლხეთის დიდი მეფე გუბაზი (562 წ).
განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ხობის სამონასტრო არქიტექტურული კომპლექსი, რომელშიც შედის: ტაძარი, სასახლე, სამრეკლო, გალავანი და სხვა ნაგებობანი. მეცნიერთა ვარაუდით ტაძარი აშენებული უნდა იყოს VII-XIV საუკუნეებში, ხალხური გადმოცემით ტაძრის აშენებას უკავშირებენ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. ხალხში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, ხობის მონასტერთან დავით აღმაშენებელს საზაფხულო სადგომი ჰქონია, რაც არც თუ უსაფუძვლოა. ვახუშტი ბატონიშვილი ძველ წყაროებზე დაყრდნობით წერს: „ჟამსა ერთსა გარდავიდა მეფე გეგუთსა და მუნით ხობსა“. ტაძარი ცოტნე დადიანის ოჯახისა და მათი შთამომავლების საძვალედ ითვლება. არქეოლოგიური გათხრების შედეგად , რომელსაც აწაროებდნენ არქეოლოგები რევაზ და ნანა პაპუაშვილები და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაია,სწორედ ის აკლდამა იქნა აღმოჩენილი. ხობის მონასტერში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე დასვენებული ყოფილა უდიდესი სიწმინდეები: მარიამ ღვთისმშობლის კვართი; წმ. გიორგის ბარძაყი; წმ. კვირიკეს ხელის მტევანი; იოანე ნათლისმცემლის ნაწილი; შოლტი, რომლითაც მაცხოვარი იგვემა; დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო და თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი, რომლებიც დღეს სხვადასხვა მუზეუმებშია გაბნეული. ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსების ერთ-ერთ რეზიდენციას წარმოადგენდა.
ხობის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების შედეგად გამოვლინდა ძველი წელთაღრიცხვით მერვე-მეშვიდე საუკუნეების კოლხური ნამოსახლარები. არქეოლოგმა რევაზ პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ხობის ცნობილი მონასტერი არ აშენებულა ცარიელ ნიადაგზე, აქ ამ ტაძრის აგებამდე მინიმუმ 1500 წლით ადრე ცხოვრება დუღდა, თუ იმ ნივთებსაც გავითვალისწინებთ, რომლებიც სხვადასხვა დროს და პერიოდს განეკუთვნება (ისინი ნაწილობრივ ავსებენ 1500 წლიან მონაკვეთს). მაშინ შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ იმ მთაზე, რომელზეც ხობის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, ცხოვრება იწყება თითქმის 30 საუკუნის წინათ და გრძელდება დღემდე“. . .
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ძეგლებია: „ჩეოხვამე“ - წმინდა კვირიკეს სახელობის ეკლესია ხეთის საქირიოს უბანში, „ყურუმელიას“ ჯიხა-ციხე, „მაჩხომერის“ და „ჯეგეთას“ არქიტექტურული კომპლექსები. „მისარონფერდი“ სოფელ ხამისქურში და წმინდა სოფიოს ეკლესია.
„მისარონფერდი“ და „ჯეგეთა“ ადრეული პერიოდის ნაქალაქარის შთაბეჭდილებას ტოვებს. საბჭოთა წყობილების დამყარებამდე „ჯეგეთას“ სამლოცველო მთელი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო. აქ ამოსვლა ყველას ეკრძალებოდა და თუ ვინმე ამ მხარეში მოხვდებოდა არა თუ ხის მოჭრას, ხმელი ტოტის წაღებასაც კი ვერ გაბედავდა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ ძვ.სტილით 23 აპრილს გიორგობას ხალხი „ჯეგეთაში“ ღამისთევით სალოცავად მოდიოდა.
წმინდა კვირიკეს ეკლესია, რომელსაც ხალხი „ჩეოხვამეს“ - თეთრ სალოცავს ეძახის, ძველ კოლხურ ნამოსახლარზე დგას. ცნობილი მეცნიერები დავით ლომიტაშვილი და რევაზ პაპუაშვილი არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ ტაძარი მე-4 საუკუნეში იყო აშენებული. აქ შემთხვევით აღმოჩნდა ძალიან საინტერესო ფორმის ქვა-ჯვარი.
ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ძეგლია წმ. სოფიოს ეკლესია. სავარაუდოდ მის ქვეშ გვირაბია, რომელიც მდინარე მუნჩიას ნაპირებამდე გადის. აქ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს პირველი საუკუნეების მიჯნის რომაული ვერცხლის მონეტა და თიხის გველის თავი, რომელზედაც ჯვარია გამოსახული. გველს როგორც სიმბოლოს ორმაგი დანიშნულება აქვს, თუ ის ცნობადის ხეზეა გამოსახული ბოროტია, ხოლო სიცოცხლის ხეზე ქრისტეს განასახიერებს. ქართულ ხალხურ ზღაპრებში გველი ნატვრის თვალის პატრონია, ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ იგი სიბრძნის სიმბოლოა, სოფიო კი სიბრძნეს ნიშნავს. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ წმ. სოფიოს ტაძრის ეზოსა და მისი შემოგარენის შესწავლა ჩვენი ისტორიის ბევრ ბურუსით მოცულ ფაქტს ნათელს მოჰფენს.
ხეთის წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიიდან ოციოდე მეტრში ბრინჯაოს გრიფონი აღმოჩნდა, რაც ჩვენში მითრას კულტის გავლენის დამადასტურებელია. ჩვენში მითრას - მირსას, მისარონს უწოდებდნენ სამეგრელოში. იგი სინათლის სიმბოლო იყო. გრიფონის ყველაზე თვალსაჩინო დეტალი დიდი თვალებია. ხეთაში აღმოჩენილი გრიფონი წინა ქრისტიანულ ხანაში აქ არსებული სალოცავის მთავარი კულტმსახურის ტახტის სამშვენისი უნდა იყოს. ქრისტიანულ ეპოქაში გრიფონები გამოიყენებოდა ნაგებობის სამშვენისად და აღდგომის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. მე-19 საუკუნის დამდეგიდან ჩვენში რუსული მმართველობა დამყარდა. ამ დროს დაწინაურდა მდინარე ხობის წყლის შესართავთან მდებარე სოფელი ყულევი, რომელსაც კემხელი ერქვა. რუსულმა მმართველობამ 1804 წელს სამხედრო-სიმაგრე რედუტი ააგო და ამ სოფელს რედუტ-კალე დაარქვა. მოგვიანებით კი, სოფელი საპორტო ქალაქად აქციეს. 1853-55 წწ. ყირის ომის დროს ქალაქი თურქებმა გადაწვეს, ამ შემთხვევამ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის დაქვეითება გამოიწვია. 1918 წლიდან ამ სოფელს ყულევი ეწოდება. ამჟამად აქ დიდი სანავთობო ტერმინალი ფუნქციონირებს, რომელსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ხობის მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებაში.
XX საუკუნის დასაწყისში ხობელები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას რევოლუციებში, დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობაში, 1917 წლის 25 მარტს საგანგებო კრებაზე, ქართულმა სამღვდელოებამ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებთან ერთად მიიღო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტი, რომელსაც სხვებთან ერთად ხელი მოაწერეს წარმოშობით ხობელმა საზოგადო მოღვაწეებმა: თედო სახოკიამ, იპოლიტე ვართაგავამ და ჯაჯუ ჯორჯიკიამ. ხობელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს 1924 წლის საყოველთაო-სახალხო შეიარაღებულ გამოსვლაში. აჯანყებას ხობის რაიონში სოციალ-ფედერალისტი ბესარიონ ჯორჯიკია ხელმძღვანელობდა. მრავალი ხობელი შეეწირა საბჭოურ რეპრესიებს...
გასული საუკუნის 30-იანი წლებში ახალი ადმინისტრაციული დაყოფით ხობი გამოეყო ზუგდიდის მაზრას და დამოუკიდებელ რაიონად ჩამოყალიბდა. 1930 წლიდან დაიწყო დაჭაობებული მიწების ამოშრობა, ჩაისა და ციტრუსის პლანტაციების განაშენიანება.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ ხელი შეუშალა ხობის რაიონის განვითარებას. გერმანიის წინააღმდეგ ომში 6000 ხობელი ჩაება, აქედან 3817 მებრძოლი გმირულად დაეცა ომის ველზე. მოგვიანებით სამამულო ომში დაღუპულ მებრძოლთა პატივსაცემად გაიხსნა შინმოუსვლელის სახლი სოფელ ხეთაში.
1961 წელს ხობის რაიონული ცენტრი დაბად გამოცხადდა.
XX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ხობის რაიონის მაშინდელი ხელმძღვანელის ნუგზარ ნადარაიას ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ხობის რაიონის მაშტაბურ აღმშენებლობას. ამ წლებში განახლდა ხობის მონასტრის გალავანი, კეთილმოეწყო ეზო, სამრეკლო და ტაძარი გადაიხურა. აშენდა ქ. ხობის კულტურის სასახლე, საცურაო აუზის კომპლექსი, კინო-თეატრი, სტადიონი, სპორტული კლუბი ,,მართვე“, ხობის პირველი საშუალო სკოლა, სპორტული სკოლა-ინტერნატი, რაიონული საავადმყოფო, ჩაის ფაბრიკა, საბრძოლო დიდების მუზეუმ-კომპლექსი, კოლხეთის ათვისების ისტორიის მუზეუმი და ალიო მირცხულავასა და პიერ კობახიძის სახლ-მუზეუმები...
დაბის განაშენიანების არნახულმა ტემპმა და განვითარებამ დღის წესრიგში დააყენა ხობის ქალაქად გამოცხადების აუცილებლობა. 1981 წლის 31 ივლისს დაბა ხობი ქალაქად გამოცხადდა.
80-იან წლებში როგორც მთელი საქართველო, ხობი მოიცვა ეროვნული მოძრაობის ტალღამ. ტარდებოდა მიტინგები და მანიფესტაციები. 90-იანი წლების დასაწყისში სამოქალაქო ომმა არა ერთი ქართველის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის იყო ხობის პირველი პრეფექტი თენგიზ ქაჯაია. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხობის რაიონის ხოფელ ძველ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ ვითარებაში აღესრულა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია...
XXI საუკუნეს საქართველო დიდი იმედით შეხვდა... შეიცვალა პოლიტიკური მდგომარეობა, რამაც გამოიწვია ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება, განახლდა ინფრასტრუქტურა, ყურადღება მიექცა ტურიზმის განვითარებას, აღორძინდა სულიერი და კულტურული ცხოვრება.
2003 წელს ქ. ხობში დაარსდა მუდმივმოქმედი საერთაშორისო ფესტივალი ,,სიმღერა სამეგრელოზე,“ რომელსაც სათავეში ჩაუდგა საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ხობის რაიონში, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ,,ხობის“ პრეზიდენტი გოდერძი ბუკია. ფესტივალი ხელს უწყობს ჟანრობრივად მრავალფეროვანი, მელოდიურად მდიდარი და ინტონაციურად დახვეწილი მეგრული მუსიკალური ფოლკლორის პოპულარიზაციას.
ბოლო წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხობისა და ფოთის მიტროპოლიტ გრიგოლის ლოცვა-კურთხევით აშენდა ჭალადიდის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესია, ხობის წმინდა სამების ტაძარი, პირველი ხორგის იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტერი, ჯაპიშაქრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია,განახლდა ხობის ხარების სახელობის დედათა მონასტერი და საპატრიარქო რეზიდენცია.
2006 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ბათუს მთაზე, იქ, სადაც აფხაზეთისკენ მიმავალი უმოკლესი გზა გადის გოდერძი ბუკიას ქტიტორობით საფუძველი ჩაეყარა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელთმთავრისა და საკვირველთმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენციის მშენებლობას, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ამოქმედდა 2013 წლის 10 მაისს.
ხობის მუნიციპალიტეტში ამჟამად არსებული ბუნებრივ-გეოგრაფიული, ეკონომიკური და კულტურული რესურსები, იძლევა იმის საშუალებას, რომ ხობმა კვლავ შეასრულოს ის ფუნქციები, რასაც ის ასრულებდა ძველად და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.
გამოყენებული ლიტერატურა:
ექვთიმე თაყაიშვილი- ძველი საქართველო ტომი მე-3
თინათინ ყაუხჩიშვილი- ჰიპოკრატე და მისი ცნობები საქართველოს შესახებ
თინათინ ყაუხჩიშვილი-ხობის მონასტრის ფრესკები
კალისტრატე ჩიჩუა - ხობის მონასტერი
რეზო პაპუაშვილი - ყულევის არქეოლოგიური გათხრები
გოგიტა ჩიტაია - ხობის მონასტერი
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006-2009 წლის ანგარიში