ქალაქი სტაროკონსტანტინოვო მდებარეობს უკრაინის ხმელნიცკის ოლქში.
ქალაქი სტაროკონსტანტინოვი დაარსდა 1525 წელს. თავდაპირველად ქალაქს ეწოდებოდა კონსტანტინოვი, მოგვიანებით მას სახელად დაერქვა ნოვოკონსტანტინოვი, ხოლო 1632 წლიდან ცნობილია სტაროკონსტანტინოვის სახელით.
ქალაქს გააჩნია არაერთი ისტორიული ღირსშესანიშნაობა: 1571 წელს აშენებული სტაროკონსტანტინოვის ციხე და საფორტიფიკაციო ნაგებობა, რომელიც განლაგებულია ქალაქის ირგვლივ. მისი დაარსება მთავარ კონსტანტინე ოსტროჟსკის სახელთანაა დაკავშირებული. ამავე წელს აშენდა სტარაკონსტანტინოვის სამების ეკლესია, 1754 წელს კი წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია გვიანდელი ბაროკოს არქიტექტურით.
ამჟამად ქალაქ სტაროკონსტანტინოვოს მოსახლეობა 34.7 ათას ადამიანს შეადგენს, მასზე გადის როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო მაგისტრალი ორი სარკინიგზო სადგურით. ქალაქში განვითარებულია, როგერც მძიმე, ისე მსუბუქი მრეწველობა (ქარხანა ,,მეტალისტი" (მეტალურგია), ბეტონის შპალების ქარხანა, კვების მრეწველობის ქარხანა (სს „ხლებზავოდი“ შპს ,,აგროპრომსერვისი“ შპს ,,სტაროკონმოლოკო"), ქალაქში ფუნქციონირებს - 9 სკოლა, ლიცეუმი, გიმნაზია და პროფესიული სასწავლებელი, ათეულობით ბიბლიოთეკა, კინოთეატრი და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
ქალაქ სტაროკონსტანტინოვოს ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ განავითარონ თავიანთი ნიჭი ბავშვთა ხელოვნების და მუსიკის სკოლებში.
სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ქალაქი სტაროკონსტანტინოვო ყველაზე წარმატებულია ხმელნიცკის ოლქის ქალაქებს შორის.
სტაროკონსტანტინოვო თვითმმართველი ქალაქია და მას ხელმძღვანელობს ქალაქის მერი ნიკოლაი მელნიჩუკი, რომელიც პირდაპირი არჩევნების წესით სამჯერ იქნა არჩეული ქალაქის მოსახლეობის მიერ.
უკრაინის ხმელნიცკის ოლქის ქალაქ სტაროკონსტანტინოვოსა და ხობის მუნიციპალიტეტს შორის 2013 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი.