2010 წლის 9 დეკემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის N1 და N2 საჯარო სკოლებში ასოციაცია „ათინათმა“ მოაწყო სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის პრეზენტაცია. პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და PH International-ის ერთობლივ ინიციატივას. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გააქტუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.
პროგრამის ფარგლებში შეიქმნება სამოქალაქო განათლების დამხმარე სასწავლო მასალები და რესურსები, ჩატარდება პედაგოგთთვის ტრენინგი სამოქალაქო განათლებაში და მოხდება სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წახალისება. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენებას.