28 თებერვალს აიპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო გაერთიანებაში“ მოეწყო შეხვედრა, გაერთიანების სპეციალისტებთან, პედაგოგებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი იყო ოჯახში და მის გარეთ ბავშვზე ძალადობის ფაქტების გამოვლენა, მასზე რეაგირება და ზრუნვა უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
შეხვედრაზე გაერთიანების დირექტორმა (მ. წულეისკირი), იურისტმა, (ეკა ჭოჭუა) სტრუქტურული ერთეულების მთავარ სპეციალისტებს გააცნეს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფრირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 31 მაისის ერთობლივი ბრძანება და „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში სოციალური მომსახურების სააგენტოს სამოქმედო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2010 წლის 27 ნოემბრის N01/273–ო ბრძანება. მუხლობრივად მიმოიხილეს ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები და განმარტება მისცეს იმის თაობაზე, რომ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება არის ერთ-ერთი სუბიექტი, რომელიც ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცესშია ჩართული და რომელმაც ბავშვზე ძალადობის შემთხვევის გამოვლენის შემდეგ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს.