2008 წლის აგვისტოში რუსეთის აგრესიის დროს დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად ქალაქ ხობში, 8 აგვისტოს მემორიალთან შეიკრიბნენ და გვირგვინით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ხობელი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მხატვრულ-ლიტერატურული წარმოდგენა - „მამულს შეწირული სიცოცხლე“.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მ. ჭოხონელიძემ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ი. ტყებუჩავამ სიტყვით მიმართეს 8 აგვისტოს მემორიალთან შეკრებილ საზოგადოებას. მისასალმებელ სიტყვაში მამუკა ჭოხონელიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების უპირველესი მიზანი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. საქართველოს შესწევს ძალა და აქვს პოტენციალი, ყველა ცივილიზებული მეთოდით მშვიდობიანად მოაგვაროს ქვეყნისათვის ეს უმნიშვნელოვანესი პრობლემა. „ქედს ვიხრით რუსეთის აგრესიის დროს დაღუპული ხობელი ვაჟკაცების ხსოვნისა და მათი მშობლების წინაშე. ჩვენ ვალად გვადევს თითოეული მათგანის სიცოცხლე მანამ, სანამ ჩვენი მიწა-წყლის თუნდაც ერთი მტკაველი იქნება ოკუპირებული“.
ხობის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კირიონმა გადაიხადა პანაშვიდი 8 აგვისტოს დაღუპულთა სულების მოსახსენებლად.