25 და 28 ნოემბერს ქალაქ ხობში გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის 2011 წლის თასის გათამაშება მაგიდის ჩოგბურთში. რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ხობის მუნიციპალიტეტის თემების, სოფლებისა და ქალაქ ხობის გუნდები. ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით და გამარჯვებულები გამოვლინდნენ ინდივიდუალურ და გუნდურ ჩათვლაში.
გუნდურ ჩათვლაში გათამაშების გამარჯვებული გახდა შუა ხორგის თემის გუნდი, მეორე ადგილი ქალაქ ხობის გუნდმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე საჯიჯაოელი მოთამაშეები გავიდნენ.
ინდივიდუალურ ჩათვლაში ვაჟთა შორის პირველობა მოიპოვა ილია ქანთარიამ (ქ. ხობი), მეორე ადგილი თემურ ლატარიამ დაიკავა (შუა ხორგის თემი), ხოლო მესამე ადგილზე გიზო კონჯარია გავიდა (ნოჯიხევის თემი), ქალთა შორის პირველ ადგილს ნინო გაბრავა (ხეთის თემი) დაეუფლა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 2011 წლის დეკემბერში.