ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის რევაზ პაპუაშვილის მიერ ჩატარდა სამეცნიერო-დაზვერვითი ხასიათის სამუშაო. სპეციალისტების აზრით, პირველად სამეგრელოში სოფლების - ხამისკურისა და ცაიშის საზღვარზე დაფიქსირდა ციკლოპური ტიპის არქიტექტურული კომპლექსი, რაც ძველი კოლხური ძეგლებისათვის უნიკალურია. ის გარკვეულ საერთოს პოულობს თრიალეთის ზეგანზე ცნობილ ციკლოპურ ნამოსახლარებთან. ამ აღმოჩენამ შესაძლოა ძველი კოლხეთის ისტორიის უძველესი (აიეტის) პერიოდი, რომელიც მითებსა და გადმოცემებს ემყარება, რეალობად აქციოს.