„ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-თებერვალში მოსალოდნელია გრიპით და გრიპის მსგავსი დაავადებების მატება. ზემოთხსენებულ დაავადებებს ახასიათებს მკვეთრად გამოხატული მწვავე რესპირატორული და ნაწლავთა დაავადებებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები-მაღალი ტემპერატურა, ხველება, ხანგრძლივი დიარეა და სხვა კლინიკური ნიშნები.
პროფილაქტიკის მიზნით, სასურველია, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ტარდება 6 თვის ასაკიდან. პირველ რიგში აცრა უნდა ჩაუტარდეს რისკ-ჯგუფებს, რომლებსაც მიეკუთვნება 2 წლამდე ბავშვები, ორსულები, 60 წელზე მეტი ასაკის და ქრონიკული დაავადების მქონე პირები.
გრიპის და გრიპის მსგავსი დაავადებების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ უნდა მიმართოს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას სათანადო სამედიცინო დახმარების მისაღებად.