საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში 2010 წლიდან ყოველწლიურად ხორციელდება სამაგისტრო პროგრამა ემორის სამართლის სკოლაში (ატლანტა, აშშ), რომლის ფარგლებშიც კონკურსში გამარჯვებულებს მთლიანად უნაზღაურდებათ როგორც განათლების, ასევე ატლანტაში, აშშ ცხოვრების ხარჯები.
2012-13 სასწავლო წლისათვის სასურველი კანდიდატის სავალდებულო მოთხოვნაა ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სპეციალობაში, სასურველია წარჩინებით და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, რაც დასტურდება ავტორიტეტული საგამოცდო შედეგით (TOEFL, ESL/EFL, TOEIC, GMAT, სხვა). კანდიდატი უნდა იყოს საშუალო სახელისუფლებო რგოლის საჯარო მოხელე ან პირი, რომელიც შეიძლება დასაქმებულ იქნეს სამაგისტრო კურსის დასრულების შემდგომ ადგილობრივი თვითმმართველობის ან საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის აპარატის სტრუქტურებში.
სამაგისტრო კურსის სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს კანდიდატისათვის სამაგისტრო განათლების მიწოდებას. ამასთან შერჩეულია ისეთი საგნები, რომლებიც მას აღჭურვავს მართვის თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით. კანდიდატი სასწავლო კურსის განმავლობაში მიმაგრებული იქნება ატლანტის ან მიმდებარე თვითმმართველობების შესაბამის სამსახურებთან, რათა ჰქონდეს პრაქტიკული შეხება გადაწყვეტილებების მომზადებას, მიღებასა და განხორციელებასთან.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- იყოს საქართველოს მოქალაქე;
- ჰქონდეს უმაღლესი განათლება;
- კონკურსში მონაწილეობის დროისთვის მუშაობდეს საქართველოს ერთ-ერთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ან რეგიონულ ხელისუფლებაში; ასევე პირს, რომელიც შეიძლება დასაქმდეს სამაგისტრო კურსის დასრულების შემდგომ შესაბამის თვითმმართველ ერთეულში და წარდგენილ იქნება თვითმმართველობის სახელით შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ;
- თავისუფლად ფლობდეს ინგლისურ ენას;
- თავისუფლად ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს;
- გამოირჩეოდეს კომუნიკაბელურობით;
- გააჩნდეს ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები;
- შეეძლოს როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდური პრინციპით მუშაობა.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 30 მარტი.
განაცხადის წარდგენა:
განაცხადს თანდართული დოკუმენტაციით წარადგენს კონკურსანტი. განაცხადი უნდა მოიცავდეს:
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს;
- განმცხადებლის ავტობიოგრაფიას (CV) ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილს (არაუმეტეს 1 გვერდისა) ინგლისურ ენაზე;
- თვითმმართველობის ხელმძღვანელის ან სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მხარდაჭერის წერილს ქართულ ენაზე;
- დიპლომის ასლს ნიშნების ჩანართთან ერთად;
- ინგლისური ენის ტესტის სრტიფიკატს;
დოკუმენტები წარდგენილ უნდა იქნეს ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: zaza@lsg.gov.ge და office@lsg.gov.ge. წერილის სათაურში უნდა მიეთითოს „Emory Law School Application - განმცხადებლის სახელი და გვარი“
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ „ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრს“, მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 12. www.lsg.gov.ge; +995 32 2510640 ან + 995 599 60 37 67.