ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ჭოხონელიძე ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი განცხადებით, იგი ყოველი თვის ბოლო კვირის სამუშაო დღეებში მუნიციპალიტეტის თემებსა და სოფლებში ჩავა და ადგილობრივი მოსახლეობის მიღებას დაუთმობს, რისთვისაც შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიღების დღეები და საათები დაწესდება. „ჩვენ მუდმივ და უწყვეტ კავშირში ვართ მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან. საკრებულოს თავმჯდომარის სამუშაო ოთახის კარი მუდამ ღიაა ნებისმიერი მოქალაქისათვის მიუხედავად განსაზღვრული მიღების დღეებისა და საათებისა. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ბევრი მოქალაქე, რომელსაც აქვს პრობლემები და საჭიროებს დახმარებას, თანადგომას, ვერ ახერხებს ცენტრში გამოსვლას. ამიტომაც, გადავწყვიტე, დავაწესო „მოქალაქეთა მიღების დღე“ და პირობითად 5 ზონად დაყოფილ მუნიციპალიტეტში თითოეულ ზონას ყოველთვიურად ერთი სამუშაო დღე დავუთმო. ჩვენ ყოველი თვის ბოლო კვირას ყველა სოფელში ჩავალთ, რათა ადგილზე მოვუსმინოთ ჩვენს მოქალაქეებს და, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, ოპერატიულად მოვუგვაროთ მათ წინაშე მდგარი პრობლემები“ - განაცხადა მ. ჭოხონელიძემ.
აღნიშნული ინიციატივის განხორციელება უკვე მარტის ბოლო კვირიდან დაიწყება.