განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით ადრეულ ასაკში განათლებისა და განვითარების კვირეული გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც მრავალი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. წიგნიერების, მოძრავი თამაშების, ხელოვნების, მეცნიერების, მუსიკის, კულინარიის და სხვ. საბავშვო ცენტრებში პატარები გაერთობიან და პარალელურად, სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობაში ჩაერთვებიან. სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური, სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებისთვის ანალოგიური აქტივობები ძალზე მნიშვნელოვანია. კვირეულის ფარგლებში ხობის N2 ბაგა-ბაღში მოეწყო განმავითარებელი აქტივობები, რომელსაც ესწრებოდნენ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგები და აღსაზრდელთა მშობლები. ორგანიზატორებმა მშობლებს ადრეულ ასაკში ბავშვის განათლებისა და განვითარების სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტზე სპეციალურად შემუშავებული ბუკლეტები გადასცეს.