ჩემო თანამოქალაქენო,
მაქვს პატივი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის რანგში პირველად მოგილოცოთ კარს მომდგარი შობა-ახალი წელი.
2012 წელი გამორჩეულ თარიღად ჩაიწერება საქართველოს უახლეს ისტორიაში, როგორც ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების მშვიდობიანად პირველად შეცვლის წელი.
2012 წელს საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს თავიანთი არჩევანი, საღად და ობიექტურად შეაფასეს ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობა და მხარდაჭერა გამოუცხადეს კოალიცია „ქართულ ოცნებას“.
მადლობა თქვენ ამ უდიდესი ნდობის გამოცხადებისათვის.
ჩვენ გპირდებით, რომ გავამართლებთ თქვენს ნდობას და ჩვენთვის უმთავრესი იქნება თქვენი აზრი, თქვენს წინაშე მდგარი ნებისმიერი პრობლემის უმოკლეს დროში გადაჭრა, ქვეყანაში რეალური აღმშენებლობითი პროცესის დაწყება.
გპირდებით, ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ შევქმნათ ყველა პირობა, ყოველი თქვენგანის ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი; მუდმივად გრძნობდეთ, რომ ხელისუფლება თქვენ გვერდითაა და ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი სწორედ ხალხია.
ამ იმედით, რწმენითა და განწყობით გილოცავთ 2013 წლის შობა-ახალი წლის დადგომას, გისურვებთ ჯანის სიმრთელეს, სულის სიმხნევეს, მშვიდობას, ოჯახში და ქვეყანაში, სიყვარულს ყველგან და ყოველთვის.
მამუკა ქარდავა
ხობის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე