საქართველოს ინტელექტუალური კლუბის "რა? სად? როდის?" და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით 13 აპრილს, 2 საათზე, მთელს საქართველოში ერთდროულად დაიწყო ინტელექტუალური ტურნირი "ინტელექტის დღე". სულ მონაწილეობა მიიღო 67-მა მუნიციპალიტეტმა, სამმა ქალაქმა და ერთმა არასრულწლოვანთა კოლონიამ.
ხობის მუნიციპალიტეტში ტურნირი კულტურის სახლში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო 24-მა სკოლის გუნდმა. ჩემპიონატს უძღვებოდა ალექსანდრე ცქიტიშვილი. ქულებს აჯამებდა მსაჯთა კოლეგია, შემდეგი შემადგენლობით : გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამასხურის უფროსი ფერიდე გოგია, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი ბეჟან ნადარაია და ლევან ღვინჯილია.
გამარჯვებულები 11-11 ქულით გახდნენ ქარიატისა და ხობის N2 საჯარო სკოლის გუნდები, ხოლო მეორე ეტაპის საგზური და მუნიციპალიტეტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა N2 საჯარო სკოლამ.
ინტელექტუალურ ჩემპიონატს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე, გამგეობისა და საზოგადოების წარმომადგენლები.
პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლებას, ნიჭიერი ბავშვების წარმოჩენას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.