18 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტს გინესის მრავალგზის რეკორდსმენი, მსოფლიოს მოქალაქე და სპორტსმენი, მსოფლიო ველომოგზაური, გაეროს ბუნების დაცვის ელჩი, იუნესკოს მსოფლიო დესპანი, სპორტის დამსახურებული მუშაკი ჯუმბერ ლეჟავა ეწვია, რომელმაც სტარტი საქართველოს ველოტურის მასშტაბით მცხეთიდან აიღო.
მსოფლიო მოქალაქე, სპორტსმენი გამგეობის სხდომათა დარბაზში საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. საზოგადოებას აცნობა, რომ 2013 წლის 9 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით უკვე მეშვიდე სტარტს აიღებს მსოფლიო ველოტურში, დევიზით : "ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია"
ორი წლის განმავლობაში სპორტსმენი, სხვა მონაწილეებთან ერთად გაივლის ევრაზიის 30-მდე ქვეყნის 200-ზე მეტ ქალაქს.
პროექტის ფარგლებში საზღვარგარეთ შედგება მასიური შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ქართველ დიასპორასთან. ჩატარდება ლექცია სემინარები და მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ქართული ტრადიციებისა და კულტურის პროპაგანდას, ხალხთა შორის მეგობრობის გამტკიცებას.
შეხვედრა გახსნა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახაბერ ბენიძემ.
შეხვედრის შემდეგ, " ჯუმბერ ლეჟავას ველოტური საქართველოს მასშტაბით" ფარგლებში მოგზაური საპატრულო პოლიციის თანხლებით შემდეგ რაიონამდე გააცილეს. ეს მარშრუტი 29 აპრილს, თბილისში, საზეიმოდ დასრულდება.