24 ნოემბერს გამგეობის სააქტო დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით გაიმართა 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა. ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებას წარუდგინა საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, რომელმაც განმარტა, რომ 2015 წელს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განისაზღვრა 6.220.600 ლარით, მან ისაუბრა ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიუჯეტით. მუნიციპალიტეტის გამგებლის გ. ქაჯაიას განმარტებით ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების გარდა ცენტრალური ბიუჯეტიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხებით მომავალ წელს დაფინანსდება არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი. ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდება სხვადასხვა პროექტები. განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირებიც, კერძოდ გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ბიუჯეტით გათვალისწინებულ მათ სფეროს მიკუთვნებულ პროექტებზე.
საჯარო განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირების წარმომადგენლები და ხობის მოსახლეობა. მათი მხრიდან დასახელდა სხვადასხვა პრობლემური საკითხები, რომლის გათვალისწინებასაც ითხოვენ ადგილობრივ ბიუჯეტში. დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები.