წყლის რესურსების საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით მთელ მსოფლიოში 1993 წლის 22 მარტიდან ყოველწლიურად აღინიშნება. წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწაზე ეკოსისტემების არსებობისთვის. სამწუხაროდ, მტკნარი წყლის მარაგი პლანეტაზე კატასტროფულად კლებულობს. გაეროს ექსპერტების მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობის ერთი მეექვსედს სუფთა სასმელი წყალი არ მიეწოდება, ბევრ ქვეყანაში კი სასმელი წყალი მხოლოდ იყიდება. მსოფლიოში 2,4 მილიარდ ადამიანს არ აქვს ცხოვრებისათვის აუცილებელი შესაბამისი სანიტარული პირობები. კლიმატის გლობალური ცვლილებები კი უფრო ართულებს სიტუაციას. წყლის დღე - შეახსენებს ყველას, რომ უნდა გავუფრთხილდეთ წყლის რესურსებს, რაციონალურად და ეკონომიურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები - საქართველოს მიერ დაგეგმილი კამპანიის „ლურჯი ნაკადულის დღის“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დასუფთავდა მდინარე ხობისწყლის სანაპირო ზოლი 2000 მ2. დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები და თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირების თანამშრომლები.