დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე და მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტში დროშები დაშვებულია. 25 თებერვალს -- „საქართველოს გასაბჭოების" დღეს, ქვეყანაში ტრადიციულად კოჯორსა და ტაბახმელაში დაცემული ქართველი იუნკრების ხსოვნით აღნიშნავენ.
1921 წელს საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ საქართველოს ძალის გამოყენებით დაპყრობის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის წითელი არმია საქართველოში ეროვნული საბჭოს მიერ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სამ წელში, 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. მათ ერთხანს კიდეც უკუაგდეს მტერი. თუმცა, განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შეიჭრა და დედაქალაქში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. გმირულად დაღუპული იუნკერები დიდი პატივით დაკრძალეს ეკლესიის ეზოში, იქ, სადაც ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობა მდებარეობს.
საბჭოთა ოკუპაციას სხვა ქართველებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ლოლი იოსავაც შეეწირა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. ყოველი წლის 25 თებერვალს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება და ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულოდ წუთიერი დუმილი ცხადდება.