31 მარტი უდიდესი ქართველი მოღვაწის, ეროვნული გმირის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, მას დღეს 75 წელი შეუსრულდებოდა. მისი ინიციატივით 1991 წლის 31 მარტს პირველად საქართველოში რეფერენდუმი ჩაატარა. ეს იყო უმნიშვნელოვანესი ფაქტი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რომელშიც ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა და ხმა მისცა (მონაწილეთა 90%-მა) საქართველოს დამოუკიდებლობას. ამ რეფერენდუმის შედეგია საქართველოს კონსტიტუციის პირველი თავის პირველი მუხლის პირველი პუნქტის ჩანაწერი: „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“. რეფერენდუმი გამოხატავდა საქართველოს მრავალეროვანი ხალხის ნებას, კენჭისყრაში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ქართველები, არამედ საქართველოში მცხოვრები სხვა ერის წარმომადგენლებიც. 31 მარტი იყო უდიდესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული გარანტია შექმნა და სანამ საქართველოში ეროვნული იდეა იცოცხლებს ზვიად გამსახურდიას სახელს დავიწყება არ უწერია.