საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, ახალგაზრდულ პროგრამას - ,,მომავლის ბანაკი“ წლებია ახორციელებს.
2 სექტემბერს, ანაკლიის „მომავლის ბანაკში" 18 ხობელი ახალგაზრდა გაემგზავრება, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას.
„მომავლის ბანაკის" ბენეფიციარებს 14-18 წლამდე მოზარდები წარმოადგენენ საქართველოს ყველა რეგიონიდან. მონაწილეების შერჩევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა. უპირატესობა მიენიჭა მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და მათ შორის, სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მრავალშვილიანი ოჯახის წარმომადგენლებს.
პროექტში ჩართული მოზარდები გაივლიან სპეციალურად შემუშავებულ მოდულებს (როლური თამაშები, დისკუსიები, პრაქტიკული სავარჯიშოები) ადამიანის უფლებების, ბავშვთა უფლებების, ეკოლოგიის, ჰიგიენისა და საქართველოს ისტორიის შესახებ.
პროექტის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით, ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა