15 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით შეხვედრა გამართა ასოციაცია „ათინათმა“, მისი ინიციტივით 2014 წლის დეკემბრიდან ხორციელდება პროექტი „საზოგადოების ცოდნის გაძლიერება და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა რეგიონულ დაგეგმარებაში“, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს მოიცავს. „ათინათის“ თავმჯდომარემ გია ხასიამ, ექსპერტმა გურამ ჩიხლაძემ და პროექტის კოორდინატორმა რევაზ ბარბაქაძემ შეხვედრაზე ისაუბრეს პროექტის ამოცანებზე, მათი განმარტებით პროექტის მიზანია საქართველოს 6 რეგიონში რეგიონული დაგეგმარების პროცესში მოქალაქეთა თანამონაწილეობის გაზრდა. პროექტის მხარდამჭერია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), რომელიც ფინანსდება შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) მიერ „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების გაძლიერების“ პროგრამის ფარგლებში.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის წარმომადგენელი იასონ შეროზია, საკრებულოს ბიუროს წევრები, გამგეობის თანამდებობის პირები, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, ბიზნესმენები, მეწარმეები და რიგითი ხობელები.