26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში გობელენზე და თექაზე მუშაობის შემსწავლელი წრის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
გამოფენა 2 ივნისამდე გაგრძელდება და გამოფენილი ეპსპონანტების ნახვა დათვალიერების მსურველებს 10:00 – 18:00 საათამდე შეეძლებათ.
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში საზეიმო კონცერტი გაიმართა, სადაც, მაყურებლის წინაშე ანრი ჯოხაძე, მარიტა როხვაძე, „ბაშა“, ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“, ქორეოგრაფიული ჯგუფები „აია-კოლხეთი“ და „კოლხეთი“ წარსდგნენ. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ კონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. სადღესასწაულო კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა
სპორტული ღონისძიების ფარგლებში კი ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ფინალური შეხვედრა მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობდნენ თემებისა და სოფლების გუნდები. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა ხობის გუნდი, რომელმაც დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა პირველი მაისის ფეხბურთელთა გუნდი. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს ჭალადიდისა და ძველი ხიბულის გუნდები შეხვდნენ, სადაც გამარჯვება ჭალადიდის გუნდმა მოიპოვა.
დაჯილდოების ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთდ დაესწრო, რომლებმაც გამარჯვებული გუნდები თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს, ასევე დაჯილდოებულ იქნენ საუკეთესო მოთამაშეები სხვადასხვა კატეგორიებში.