26 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში კულტურულ-სპორტული ღონისძიებები გაიმართა.
ბილიარდის დარბაზში „ბასა“ გაიმართა განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბილიარდის ჯგუფის ჭაბუკებს შორის მუნიციპალიტეტის პირველობა ბილიარდში. გათამაშება ოლიმპიური სისტემით თავისუფალ პირამიდაში ჩატარდა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები.
I ადგილი - ფრიდონ გამისონია (საქართველოს ნაკრების წევრი), II ადგილი - ნიკა კვირტია და
III ადგილი - თემურ სირაძე.
გამარჯვებული სპორტსმენები მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებული ფასიანი საჩუქრებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.
სპორტული ღონისძიების ფარგლებში ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ფინალური შეხვედრა მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში. ტურნირში მონაწილეობდნენ თემებისა და სოფლების გუნდები. შეჯიბრის გამარჯვებული გახდა ხობის გუნდი, რომელმაც დაძაბულ ორთაბრძოლაში დაამარცხა ხეთის გუნდი. მესამე ადგილისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საჯიჯაოსა და შუა ხორგის გუნდები, სადაც გამარჯვება შუა ხორგის გუნდმა მოიპოვა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრიზიორი გუნდები თასებით დაჯილდოვეს.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები კულტურის სახლში გამართული საზეიმო კონცერტით დასრულდა, სადაც მონაწილეობდნენ ფოლკლორის, ესტრადის და კლასიკური მუსიკის ადგილობრივი შემსრულებლები. ღონისძიებები საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.