26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და შოთა რუსთაველის 850 იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“ გაიმართა, რომელიც ვეფხისტყაოსნის თემატიკით იყო დატვირთული, ასევე კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა „კოლხეთი“ და „თორდამ“.
ღონისძიებისას პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ კონცერტზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ეროვნული გმირის მერაბ კოსტავას დაბადების დღე და შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე მიულოცეს.
პროგრამის ფარგლებში ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბავშვო ბაღების აღსაზრდელების და მათი პედაგოგების მონაწილეობით მუსიკალურ-თეატრალიზებული კომპოზიცია - „ჩვენ ვართ მომავალი საქართველოსი“ შესრულდა.
ღონისძიებების დასასრულს ხობის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფეხბურთში ფინალური შეხვედრა გაიმართა ხობისა და ხეთის საფეხბურთო გუნდებს შორის, სადაც გამარჯვება ხეთის საფეხბურთო გუნდმა მოიპოვა.
ტურნირის დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლებთან ერთდ ესწრებოდნენ, რომლებმაც გამარჯვებული გუნდები თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.