26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერმა გოჩა ქაჯაიამ საზეიმო ვითარებაში გახსნეს ხობის კულტურის სახლი, რის შემდეგაც შეკრებილი მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავი“, ფოლკლორული ანსამბლი „კოლხეთი“ და სამუსიკო სკოლის ნორჩ მომღერალთა გუნდი წარსდგნენ. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა ქართული კულტურის ოქროს ფონდის რჩეული ნიმუშები - ქართული ხალხური ცეკვები და სიმღერები. „რუსთავის“ უმაღლესმა საშემსრულებლო ოსტატობამ წარუშლელი კვალი დატოვა მაყურებელზე. კონცერტის დასასრულს ფეხზე წამომდგარი მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს ყველასთვის საყვარელ ანსამბლ „რუსთავს“. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდება ახალგაზრდული კონცერტით ჯგუფების - „ურსას“ და „ოჩოს ქოხის“ მონაწილეობით.