საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან და გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად, ხობის ცენტრალური სტადიონის ტრიბუნებზე, ინდივიდუალური სკამების დამონტაჟების სამუშაოს გაეცნო. ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 445 ათას ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდება 4000 ინდივიდუალური სკამი, აშენდება ახალი შენობა-ნაგებობა სპორტსმენთა და მწვრთნელთათვის, მოწესრიგდება წყლის მომარაგების, კანალიზაციის, ელექტროგაყვანილობის სისტემა. სამუშაოს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ტოტალი“ ახორციელებს.