ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძარი იკურთხა. კურთხევა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა.
ტაძრის კურთხევის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, გუბერნატორის მოადგილეები, ხობის მუნიციპალიტეტის სკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტაძარი აგებულია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ძველ ხიბულაში ტაძართან ერთად აშენდა სამრეკლო, სამრევლო სკოლა და დასასვენებელი პარკი. „ქართუს“ მიერვე ხიბულაში რეაბილიტირდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი.
სამონასტრო კომპლექსთან და მემორიალურ სახლთან ერთად ხიბულაში ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით 60 აღსაზრდელზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი საბავშვო ბაღიც აშენდა, აქტიურად მიმდინარეობს შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია სადაც ბეტონის საფარი 13 კილომეტრზე იგება.
მდინარე ჭანისწყალზე, ახალი ხიბულისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელი ხიდი აშენდა. სოფელში აქტიურად ხორციელდება წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, სოფლის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.
სრულად გაზიფიცირდა ძველი ხიბულა. პროექტის შესაბამისად, აშენდა 27-კილომეტრიანი გაზსადენი.