9 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ხეთის მხარეთმცოდნეობისა და დიდების მუზეუმში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანებისთვის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და მოწვეულმა სტუმრებმა ყვავილებით შეამკეს და სანთლები აანთეს შინმოუსვლელთა საფლავებზე. საზეიმო შეხვედრაზე ვეტერანებს მიესალმა სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე ხვიჩა ჟიშკარიანი, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავა, გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ ჯობავა. ადგილობრივ ხელისუფლებას მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და წარსული დღეები გაიხსენა საქართველოს ვეტერანთა ხობის რაიონული საბჭოს თავმჯდომარემ ალიოშა ცხადაიამ და ვეტერანმა ოთარ ჩოკორაიამ. ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ზ. ცხადაია) შეხვედრაზე წარმოადგინეს უკვე რელიქვიად ქცეული სამკუთხა ბარათები და კიდევ ერთხელ შეახსენეს დამსწრე საზოგადოებას ომის ტკივილიანი დღეები. დასასრულს ბავშვებმა სიმბოლურად სამკუთხა ფურცლებზე დაწერილი მადლობის სიგელები გადასცეს ვეტერანებს.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ყველა ვეტერანს ომში გამარჯვების 69-ე წლისთავს და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს თითოეულ მათგანს.