2-3 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტში მეგრული სიმღერების საერთაშორისო “ ფესტივალი „სიმღერა სამეგრელოზე"მეშვიდედ ჩატარდა. წლევანდელი ფესტივალი ლეგენდარულ თამარ გვერდწითელისა და ანსამბლ "რუსთავის" შემოქმედებას მიეძღვნა. ხობის საერთაშორისო ფესტივალზე ქართველი ესტრადის მომღერლებთან ერთად რეგიონების ფოლკლორული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. მოეწყო სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი წიგნებისა და კომპაქტ დისკების პრეზენტაცია.
წლევანდელ ფესტივალზე პირველად გაიმართა ეთნოკუთხეების გამოფენა. ჭადრების ხეივანში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა საკუთარი კუთხეები წაროადგინა, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშები, კერამიკული ნამუშევრები და მეგრული სამზარეულო იყო გამოფენილი. საღამოს კულმინაცია იყო „მრავალჟამიერ საქართველოსთვის“, სადაც სხვადასხვა ანსამბლებთან ერთდ, „მზიურის“ მომღერლები და ნორჩი "მზიურელები", წარსდგნენ მაყურებლის წინაშე და ანსამბლის ძველი სიმღერები შეასრულეს.
მომღერალმა თამარ გვერდწითელმა საზოგადოებას მისი სოლო სიმღერები შეუსრულა, მაყურებელის წინაშე ანსამბლ "რუსთავთან" ერთად ხობელი ნინო გოთოშია წარსდგა. კონცერტი ხანგრძლივი აპლოდისმენტებითა და ოვაციებით დასრულდა.
ფესტივალს უამრავის საპატიო სტუმარი ესწრებოდა, კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ანსამბლ „რუსთავის“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი „ხელოვნების ქურუმი“ დააჯილდოვა. თამარ გვერდწითელს კი ხობის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებამ ხობის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა.
ფესტივალის "სიმღერა სამეგრელოზე"-ს იდეის ავტორია საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, ფესტივალის ორგანიზატორები არიან, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი - "ხობი", საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და ხობის მუნიციპალიტეტი.
ხობის მეგრული სიმღერების საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა.