ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუ“-ს დაფინანსებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა და მუნიციპალიტეტს გადაეცა.
60 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი ბაღი ხობის მუნიციპალიტეტს ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა გადასცა.
ძველ ხიბულაში, ფონდ “ქართუს“ დაფინანსებით, უკვე დასრულდა ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის მშენებლობა, რომლის კონცეფციაზე მუშაობა სპეციალისტებთან ერთად მიმდინარეობს. ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მიმდინარეობს ეკლესიის მშენებლობა.
მხოლოდ, ხიბულაში მიმდინარე პროექტების მშენებლობაზე „ქართუ“ ფონდიდან 6 000 000 ლარზე მეტი იხარჯება.
ფონდ „ქართუ“-ს გამგეობის თავმჯდომარესთან ერთად ძველ ხიბულაში პრემიერის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მერი გოჩა ქაჯაია იმყოფებოდნენ.
ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულაში გასული წლის 29 მარტს იმყოფებოდა, სადაც დანგრევის პირას მისული ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შენობის რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ დაავალა. ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მოსახლეობას ახალი საბავშვო ბაღის და ეკლესიის აშენებას 1 წლის წინ დაპირდა.