13 აგვისტოს, ქალაქ ფოთში, ფოთისა და ხობის ეპარქიის 20 წლის იუბილე აღნიშნეს. საკათედრო ტაძარში უფლისადმი სამადლობელი პარაკლისი, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლთან ერთად სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრებმა აღავლინეს. საკათედრო ტაძრის პირველ სართულზე საზეიმოდ გაიხსნა საკონფერენციო დარბაზი, ტაძრის ეზოში კი გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო საკათედრო ტაძრის მშენებლობის ამსახველი ფოტო-მასალა.
ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში პროფესორ ვაჟა შუბითიძის წიგნის ,,ნიკო ნიკოლაძე-კაცი სახელმწიფო“ პრეზენტაცია შედგა. ფოთის თეატრის სცენაზე, თეატრალურმა დასმა ეპარქიის ისტორია გააცოცხლა. მაყურებლის წინაშე, ასევე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებიც წარსდგნენ.
ფოთის მუნიციპალიტეტმა მეუფე გრიგოლს ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. ფოთისა და ხობის ეპარქიის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, მღვდელმსახურები, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, ნატოს ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებელი გოჩა ქაჯაია ადგილობრივი ხელისუფლების, სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.