ხობში სადღესასწაულო ღონისძიება „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოეწყო ხელოვანების ნამუშევრების და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართა სპორტული და სხვადასხვა ახალგაზრდული აქტივობები.
საზეიმო ღონისძიებაზე 2026 წლის ხობის საპატიო მოქალაქეები, ღვაწლმოსილი პედაგოგები და წარმატებული ახალგაზრდები დაჯილდოვდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, აქტიური და სამაგალითო საზოგადოებრივი საქმიანობისა და პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: მზისადარ გელანტიას, კორნელი კემულარიას, ირაიდა ფაციას, ვალერიან შიუკაშვილს და არველოდ ხასიას.
ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე პედაგოგები:
ნაზი ლიპარტია, როზა ქირია, თეიმურაზ ნადარაია, ლამზირა პერტახია, ინეზა ესებუა და მადლენა ბენია. ასევე დაჯილდოვდნენ მერის სტიპენდიანტები.
სადღესასწაულო საღამო გალა კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ანსამბლი ,,ალილო“, და ჯგუფი ,,რეგიონი “ მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერი დავით ბუკია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ესწრებოდნენ.
საზეიმო ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობისა და ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.