ძვირფასო ხობელებო, მიმდინარე წელი გამორჩეული იყო საქართველოს მოსახლეობისთვის. 2013 წლის მიწურულს მინდა შევაფასო ხელისულების მიერ ჩვენს მუნიციპალიტეტში განხორციელბული სამუშაოები და დავსახოთ მომავალი პრიორიტეტები.
ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე სერიოზულად აისახა 2013 წელს ინფრასტრუქტურის განვითარება-მოწესრიგების მიზნით ჩატარებული მასშტაბური სამუშაოები. სამი ათეული წლის შემდეგ წელს პირველად განხორციელდა ქალაქის ცენტრის ტროტუარების, გზის სავალი ნაწილის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და საცხოვრებელი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობითი და წყალსადენი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამოიწმინდა სანიაღვრე არხები და მოხდა ქალაქის ქუჩების ასფალტო-ბეტონის საფარის კაპიტალური შეკეთება. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა თემებსა და სოფლებში განხორციელდა ხიდბოგირების მოწყობის, გზების მოხრეშვითი და სხვა სამუშაოები.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის აზრი, თუ როგორ აფასებს ის ხელისუფლების საქმიანობას, ამიტომაც მაქსიმალურად ვცდილობთ სოციალური პრობლემების მოგვარებას. მომავალ წელს ერთად გავაგრძელოთ ზრუნვა ჩვენს მუნიციპალიტეტზე, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც უკეთესად შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას, რათა სრულად დაფასდეს თქვენი ნიჭი და მონდომება.
ყველას დიდი მადლობა აქტიურობისთვის და მხარდაჭერისთვის, იმისთვის, რომ იმედიანად უყურებთ მომავალს. მინდა, რომ 2014 წელს ოპტიმიზმის განცდით გავერთიანდეთ საქართველოს კეთილდღეობისთვის. ხელისუფლებისა და ხალხის ამგვარი დამოკიდებულება, კი უკეთესი მომავლის შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
მინდა გისურვოთ მშვიდობა, წარმატება, ჯანმრთელობა და სიყვარული. ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2014 წელი ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის, სრულიად საქართველოსთვის.
მამუკა ქარდავა,
ხობის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე.