ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (GSRDG), გაეროს მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით პროექტი სახელწოდებით „გლობალური დათბობის კამპანია-შესაძლებლობა შეცვალოთ მომავალი“ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა.
პროექტის მიზანია ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტექნოლოგიების და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა.
პროექტი საქართველოს სამი რეგიონის, 7 მუნიციპალიტეტის, 17 თემშია წარმოდგენილი, მათ შორისაა ხობის მუნიციპალიტეტის სამი თემი; პირველი მაისი, თორსა და ხამისკური.
შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დავით ბერაია, საგანმანათლებლო და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისა და ორგანიზაცია „თოლისკურის“ წარმომადგენლები, ასევე სათემო ლიდერები და ეკო კლუბის წევრები ესწრებოდნენ.