ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგა-გამოღმა შუა ხორგა-ქარიატის დამაკავშირებელი 7-კილომეტრიანი გზის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის მშენებლობის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ადგილზე გაეცნენ.
აღნიშნული სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციედება.
პროექტის შესაბამისად: დაიგება არმირებული ცემენტბეტონის საფარი, მოეწყობა წყალამრიდი მილები, ეზოებში შესასვლელები, გასაჩერებელი მოედნები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. შესრულებულია სამუშაოების 80 პროცენტი. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 მილიონ 570 ათას ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „პრაიმ ბეტონი“ აწარმოებს.